ირაკლი ქარსელაძე-პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მოგვცემს საშუალებას კიდევ უფრო დიდი მასშტაბით გავშალოთ და დავაჩქაროთ სამუშაოები
18 აპრილი 2022,,დღეს პრემიერ-მინისტრმა უპრეცენდენტო ინიციატივები გააჟღერა, რაც იქნება დამატებითი მუხტი ისედაც მაღალი ტემპით წარმოებული სამუშაოებისთვის და პროექტებისთვის. განვადებით მშენებლობის პროგრამა არის ახალი შესაძლებლობა, რაც მნიშვნელოვნად დააჩქარებს და მასშტაბურად გააუმჯობესებს მდგომარეობას“- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ პროგრამით მნიშვნელოვანი მიმართულებები იქნა ხაზგასმული, რომელიც უკავშირდება, როგორც სკოლამდელი აღზრდის, ასევე სასკოლო ინფრასტრუქტურას.
,,ბოლო წლების განმავლობაში ამ მიმართულებით დიდი სამუშაოა გაწეული, თუმცა ბევრად უფრო მეტი არის საჭიროება და სწორედ ამ ინიციატივის გამოყენებით, შესაძლებელი იქნება, რომ კიდევ უფრო მასშტაბური გახდეს აღნიშნული სამუშაოები. იგივე ითქმის საბავშვო ბაღებზე და დევნილთა ბინებზე,“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით იწყება განვადებით მშენებლობის მასშტაბური პროგრამა, რომლის მიზანია ეკონომიკური ზრდის დაჩქარება და საჯარო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. პროგრამის ფარგლებში, შეიქმნება ასევე, სამუშაო ადგილები. ხელისუფლება სამშენებლო სექტორს სთავაზობს, სახელმწიფოს გარანტირებული დაკვეთით დამატებითი ფინანსური რესურსი მოიზიდონ და ჩაერთონ პროგრამაში. როგორც აღინიშნა, სამუშაოების დაწყება წელსვე იგეგმება. ამ ეტაპზე კომპანიებისთვის ხელმისაწვდომი 2 მილიარდი ლარი იქნება.
პროგრამის ფარგლებში საქართველოს მთავრობა რეგიონების წყალმომარაგებით უზრუნველყოფასაც გეგმავს. როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, პროექტი დაახლოებით 350 მილიონი ლარით დაფინანსდება და 2025 წელს ყველა ქალაქს 24- საათიანი წყალმომარაგება ექნება.
,,წყალმომარაგების გაუმჯობესება ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამჟამად 150 -მდე ლოკაციაზე მიმდინარეობს სამუშაოები, თუმცა რეგიონებში წყალმომარაგების პრობლემა სრულად ჯერ კიდევ არ არის მოგვარებული. სწორედ ეს ინიციატივა მოგვცემს საშუალებას კიდევ უფრო დიდი მასშტაბით გავშალოთ და დავაჩქაროთ სამუშაოები და კიდევ მეტი ბენეფიციარი შევიძინოთ გაუმჯობესებული წყალმომარაგებით. ასევე, შევასრულოთ ის ამოცანა, რომელიც პრემიერ -მინისტრის მიერ ინიცირებული 10 წლიანი გეგმით იყო განსაზღვრული. 2025 წლის ბოლოს უკვე, ყველა ქალაქში იქნება 24 საათიანი წყალმომარაგება. ეს პროგრამა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და დააჩქარებს აღნიშნულ პროცესს,“- აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.